ვიდრე ვარსკვლავი
ზღვაზე ნაპირზე მძინარე ხმიდან
თვალების ფშვნეტით გაიღვიძებს გაოცებული,
წვიმა ჩამომდის თავის ქალიდან,
ვით დანგრეული სახურავიდან
და
ნანგრევებზე მიტოვებულ მოხუცივით
ქვითინებს ქარი;
და
ატუზული მოიპარება
ცარიელ სივრცის წინაშე შიში,,
შეგეხება და ამაოა შემდეგ ვედრება,
თვალებს გაახელ დამსხვრეული მინების იქით,
ხელს გამოგიწვდის,
გაგიღიმებს არარაობა...
ზრიალებს თავი გაუსაპნავ ურმის ჭალივით
და იბზარება. გამოდის ტვინი, იხედება შორს სივრცეებში,
ასე იზრდება, სადამდისაც თვალი უწვდება,
მიაღწევს,
ისევ
ახალ–ახალ სივრცეებს ელტვის,
რაღაცას ეძებს....
ჩვენ ყველანი რაღაცას ვეძებთ,
თითქოს ვპოულობთ, ისე ვმალავთ, სხვამ ვეღარ ჰპოვოს,
მაგრამ როცა სიკვდილი მოდის,
ზუსტად მაშინ, როცა ქვეყნად არავინ ელის,
ფეხაკრეფით მოიპარება, არ გაგვაღვიძოს,
სიზმრიდან არ გამოგვაფხიზლოს
დედის საშოდან მძინარენი ახალ საშოში
და
კარზე ყრუდ დააკაკუნებს,
სიკვდილია, არავის სურს ცარიელ ხელით დაუხვდეს,
მაგრამ დამალულს ვეღარავინ პოულობს მაშინ....
დიდი ხანია დავკარგე მზერა,
ვით მოხუცმა ქალიშვილმა სურნელი მიწის,
რომ არ მეხილა ღამის მზეში
მარმარილოს სვეტის აჩრდილი
დაცემული ბავშვის ღიმილზე....
უცხო ნაპირზე სულ მარტო დავრჩი....
ჩემს წინაშეა გაქვავებული ზღვის ტალღები
ფოთლებით სავსე
და
წყლების მიღმა
ოცნებები ისეთი წმინდა,
რომ შერცხვათ ვინმეს მოეხილა ცოდვილ მიწაზე....
ვიარებოდი უსინათლო,
მარადიულ წყალს ვთხოულობდი,
არვინ მასმევდა,
ბებერი სახლის კედლებივით დამისკდა სახე.
და
როცა ღამე ყველას ეძინა,
ყველას შუქი ჩამქრალი იყო,
პირს ვაღებდი და ვარსკვლავების ციურ ნამს ვსვამდი.
მზის სხივს შიშით ვაკაკუნებდი
კარიდან კარზე,
არვინ მიღებდა
და
პასუხი იყო სიჩუმე....
ზრიალებს კეფა....
ვგრძნობ ცარიელ ჟესტს
მექანიკურ, დახშულ სივრცეში
და გაყინული მდინარის ღიმილს.
არვინ მიმიღო,
პაწია ქოხშიც არ შემიფარეს,
გამომაგდეს და დამიტოვეს მთელი სამყარო.
გამომეღვიძა....
გაჭრილ გუგებში უთვალავი მზე აელვარდა.
ზეცისხელა ვარსკვლავები ხელში მეჭირა
და
უცოდველი მზის ბავშვივით
თვალებიდან ფიფქებს ვისროდი.
Комментариев нет:
Отправить комментарий